ინტერვიუ "IPN" -თან: "დღევანდელი მდგომარეობა საკონსულტაციო ბიზნესის გადმოსახედიდან"

შეუძლებელია ისეთი ბიზნესის დასახელება, ვისაც დღევანდელი კრიზისული სიტუაციაა არ შეეხო. ამდენად გარდამავალ პერიოდში, საკონსულტაციო ბიზნესის სერვისებით სარგებლობა ალბათ ბევრისთვის ერთდროულად გახდა უფრო მეტად აქტუალურიც და უფრო რთულად ხელმისაწვდომიც. ამ თემაზე საკონსულტაციო კომპანია ფინანსური ლაბორატორიის მმართველ პარტნიორს შალვა ახრახაძეს გავესაუბრეთ.

- ძალიან მოკლედ როგორ დაახასიათებდით დღევანდელ მდგომარეობას?

- მთელი მსოფლიოა შეთანხმებული, რომ შექმნილი სიტუაცია, ძალიან ბევრი ფაქტორით, უპრეცედენტოა. თუ თქვენს კითხვას ეკონომიკურ ჭრილში შევაფასებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სცენარებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბაზისო სცენარის შემთხვევაში, ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ 2021 წლის ბოლოს მიაღწევს 2019 წლის მაჩვენებელს, ხოლო პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, რაც სამწუხაროდ, მეტად სავარაუდოა, 2022 წლის ბოლოს 2019 წლის ზომასთან შედარებით კიდევ 3 პროცენტიანი ჩამორჩენა გვექნება და 2019 წლის დონეს მხოლოდ 2023 წელს დავუბრუნდებით.

- მიმდინარე კრიზისული სიტუაცია ალბათ თქვენს ბიზნესსაც უარყოფითად შეეხო.

- ვფიქრობ, ჩვენი, საკონსულტაციო ბიზნესი იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც მსგავს კრიზისულ პერიოდში პირიქით, კიდევ უფრო მეტად აქტუალური და აუცილებელი ხდება. თუ აქამდე ბიზნესის დიდი ნაწილი სტანდარტული დინებით ვითარდებოდა და შესაძლოა კონსულტანტის აქტუალურობას ვერ ამჩნევდა, ახლა ამის ვერდანახვა შეუძლებელია.

უამრავი ბიზნესისათვის ისეთი მასშტაბის და იმდენი ცვლილებაა ერთდროულად საჭირო, რომ საკონსულტაციო კომპანიასთან მაღალი ხარისხის თანამშრომლობა შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს.

- მიმდინარე სიტუაციასთან თქვენი პროდუქტების მორგება რამდენად დაგჭირდათ?

- გვჯერა, რომ პროდუქტებისა, თუ აქამდე არსებული ბიზნეს მოდელის ცვლილების კუთხით კარგად დაფიქრება ყველა ბიზნესს მართებს. ჩვენ ვინარჩუნებთ ყველა იმ მიმართულებას, რაც აქამდე გვქონდა, მაგრამ ვამატებთ ახალ რეალობაზე მორგებულ რამოდენიმე მნიშვნელოვან პროდუქტს, მაგალითად ფინანსურ რექსტრუქტურიზაციას. ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან ბევრი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებას (Value -ს) შევქმნით, და მათ კრიზისთან გამკლავებაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ.

- ზუსტად რას გულისხმობს ფინანსური რესტრუქტურიზაციის სერვისი?

- როგორც ჩვენი ყველა სხვა სერვისი, ფინანსური რესტრუქტურიზაციაც მაქსიმალურად ინდივიდუალურად კლიენტზე იქნება მორგებული. ის შესაძლოა მოიცავდეს ოპერაციების, პროცესების, კაპიტალის სტრუქტურის, მომწოდებლებთან თუ არსებულ კლიენტებთან არსებული შეთანხმებების ცვლილებებს. თქვენთან ერთად ჩვენ შევძლებთ, რომ თქვენი ბიზნესი ახალ მსოფლიო რეალობას მოვარგოთ.

ამასთან, თუ თქვენ გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა, მაგრამ თქვენი ბიზნესი მცირე და საშუალო ზომისაა, და ჩვენი მომსახურების ღირებულება გაფიქრებთ, ჩვენ ამ მიმართულებითაც შეგვიძლია დაგეხმაროთ. ფინანსურ ლაბორატორიას რამოდენიმე მსხვილ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული, და ამ შეთანხმებების საფუძველზე, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ თქვენთვის ჩვენი მომსახურების ღირებულების ძირითადი ნაწილი ამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული გრანტით დაფინანსსდეს.

- და ბოლოს, ბიზნესებს რაიმე ზოგად რჩევას ხომ არ მისცემდით?

- ყველას ვურჩევთ, რომ როგორ რთულადაც არ უნდა შეხებოდა თქვენს ბიზნესს მიმდინარე სიტუაცია, მაინც სცადეთ, რომ ამ მოცემულობაშიც ეძებოთ ახალი შესაძლებლობები, ისინი ხომ უამრავია, ითვალეთ უფრო მეტი სცენარი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა გადაწყვეტილება გრძელ ვადაზე ფიქრში მიიღეთ.

ინტერვიუ ასევე შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: Link

Share: